მთავარი
კახეთის მხარე-ბარაქიანი, პურადი, გულადი, სტუმართმოყვარე, საქართველოს მარანი და ბეღელი, მრავალფეროვანი ბუნებით დაჯილდოებული და ზნეკეთილი ადამიანებით სავსე. კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. მას ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება, ხოლო მისიბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნების დამაგვირგვინებელია ლაგოდეხის, ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალები.
კახეთი ქართველი კაცის ცნობიერებაში დაკავშირებულია ათასობით და ათიათასობით ჰექტარ მწყობრად ჩარიგებულ ზვრებთან, რომლებიც მუყაითი და გამრჯე კახელი კაცის მარჯვენითაა გაშენებული და გალაღებული.
ვაზი ყველაფერია კახელი გლეხისთვის -ის არის მისი ცხოვრების აზრი, მისი სიამაყე, იმედი და მარჩენალი. ვენახიანი კაცი მუდამ გამართულია და ამიტომაც თავის ჭიშკართან მომდგარ სტუმარს გულიანად ეპატიჟება ოჯახში. სტუმართმოყვარეობა და ძველებური პურადობა კახელებს ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი.
მსოფლიოში სახელგანთქმულია კახეთის ღვინის ქარხნებში წარმოებული საფირმო ღვინოები. კახური ღვინოები "წინანდალი", "მუკუზანი", "ნაფარეული", "ქინძმარაული", "მანავი", "ალაზნის ველი", "საფერავი", "ტიბაანი" და სხვ. დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო დონეზე.
კახეთი უძველესი კულტურის მხარეა. აქ ქვის ხანის ადამიანის მრავალი ნასადგომარია აღმოჩენილი. ეს მხარე მჭიდროდ დასახლებული უნდა ყოფილიყო ქრისტემდე VI-V ათასწლეულებში.
კახეთის ტერიტორიაზეა ისეთი უნიკალური და დიდი ისტორიის ძეგლები, როგორებიცაა: ნეკრესი (IV საუკუნე); დავით გარეჯას კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი (VI საუკუნე); ძველი შუამთა ( VI საუკუნე); ნინო-წმინდას ციხე-ქალაქი (VII საუკუნე); ალავერდის საკათედრო ტაძარი (XI საუკუნე); ბოდბის მონასტერი (IX-XI საუკუნეები); - გრემის მთავარანგელოზის არქიტექტურული კომპლექსი ( XVIსაუკუნე).
| კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კახეთში! |
|
|