GEO ENG

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონში

4 ივლისი, 2018

2 ივლისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან - ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის მაჟორიტარი-დეპუტატები, მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გუბერნატორის მოადგილეები  და კახეთის რეგიონში შემავალი ყველა თვითმმართველი ერთეულის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა დამსწრე საზოგადოებას კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია წარმოუდგინა. პრეზენტაციის დროს, აქცენტები გაკეთდა სასმელი წყლის პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებაზე, ღვინის მუზეუმის, ტურისტული დანიშნულების ადგილების, ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე კახეთის რეგიონში. ეკონომიკური განვითარების ხედვა გულისხმობს კახეთის ოთხივე სეზონზე მასპინძელ რეგიონად ჩამოყალიბებას.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, იმსჯელეს და განიხილეს 2019 წლის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე მინისტრმა პარლამენტის მაჟორიტარი - დეპუტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები მოისმინა. კახეთი პირველი რეგიონია, სადაც ცენტრალური ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთად ჩართულობით მოხდა სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობა და პროექტების დაგეგმვა.
შეხვედრის დასასრულს მხარის გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მსგავსი ფორმატის შეხვედრების დანერგვისათვის, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ ერთად იმსჯელონ მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებსა და რეგიონის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.  

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia