GEO ENG

სიახლეები

ალოობა 2018

9 ივლისი, 2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან - ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ხორბლის აღების პროცესს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის, მათ შორის, ხორბლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. რეგიონში 67 ათას ჰექტრამდე ნათეს ფართობზე, წინასწარი მონაცემებით, 230 ათას ტონა ხორბალს ელოდებიან. 19 ათას ჰექტარზეა დათესილი ქერი, რომლის საპროგნოზო მოსავალი 58 ათასი ტონას შეადგენს.
მოსავლის შეუფერხებლად აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული შპს ,,მექანიზატორი“-ს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. კახეთის რეგიონში მობილიზებულია 103 ერთეული მარცვლეულის ამღები კომბაინი, აქედან, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 49, ხოლო გურჯაანის სერვისცენტრში - 54 ერთეული. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია ბელარუსული წარმოების 30 ერთეული ახალი კომბაინიც, რომლებიც შპს „მექანიზატორმა“ 2018 წელს შეიძინა.
დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 11 ათას ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი.
ხორბლის აღების პროცესს  ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - მიხეილ მიატლიკოვი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ირაკლი შიოლაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი - ნიკოლოზ ჯანიაშვილი და შპს „მექანიზატორი“ -ს გენერალური დირექტორი - პაატა შეყელაძე ესწრებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia