GEO ENG

სიახლეები

''საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019''

30 მაისი, 2019

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტში, წინანდლის მამულში მდებარე სასტუმროში - “Radisson Collection Estate Tsinandali” საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019“ იმართება. ფორუმი, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის უცხოელი ინვესტორები მონაწილეობენ, მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისასალმებელ სიტყვაში პრემიერმა რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე, კახეთის მხარის ეკონომიკურ პოტენციალზე, ტურიზმის, მეღვინეობის, კაკლოვანი კულტურებისა და ზეთისხილის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. „კახეთი საქრთველოს ულამაზესი კუთხეა, თავისი ისტორიით, ტრადიციებით, ის არის მეღვინეობის აკვანი და მას აქვს უნიკალური წვლილი შეტანილი ჩვენს კულტურაში. მეღვინეობა ძალიან აქტიურად ვითარდება კახეთში, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ გვაქვს განვითრების მნიშვნელოვანი პოტენციალი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბოლო წლებში, კაკლოვანი კულტურების პოპულარიზაცია მოხდა კახეთის რეგიონში. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციები იქნა განხორციელებული. კახეთი ხდება ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება. მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გავააქტიუროთ. ეს კუთხე არის უნიკალური ისტორიის მატარებელი, ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლი, როლითაც თითოეეული ქართველი ამაყობს, არის სწორედ ამ კუთხეში, ბუნებრივია ამ ნაწილში ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება დიდი როლი. მე მიხარია, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დავგეგმეთ კახეთში, მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკით. ამიტომ, ყველას მინდა მოვუწოდო, მათ შორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომ სწორედ ეს ტემპია შესანარჩუნებელი, რათა ინფრსატრუქტურა რაც შეიძლება დროულად განვავითაროთ და კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ამ ულამაზეს კუთხეში“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა - მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლის დროს. საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონულ ფორუმში 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. რეგიონული საინვესტიციო ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამომავლო, საინვესტიციო პერსპექტივების განხილვა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა კახეთის რეგიონისთვის. კახეთი ქვეყნის მასშტაბით, მეღვინეობის, კაკლოვანი კულტურების გაშენებისა და ზეთისხილის წარმოების კუთხით ყველაზე მზარდი, ხოლო ტურისტული დანიშნულების თვალსაზრისით ერთ-ერთი ძირითადი რეგიონია. ეს მხარე ინვესტორების მოთხოვნის შესაბამისად, ინვესტიციის განხორცილებისთვის ბრწყინვალე შესაძლებლობებს ქმნის. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა. „კახეთის რეგიონში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის გამართვის იდეა დიდი ხანია არსებობს. გვსურდა კახეთის რეგიონის განვითარების ერთიანი, ჩამოყალიბებული ხედვა და საინვესტიციო წინადადებებიმუნიციპალიტეტების მიხედვით, მთავრობის წევრებისთვის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის გაგვეზიარებინა. ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა და სიძლიერე მისი რეგიონების ეკონომიკურ სიძლიერეზე დგას. ჩვენი მიზანია, ის ეკონომიკური იმპულსები, რაც ჩვენს რეგიონში არსებობს ქვეყნის ეკონომიკურ სარბიელზე კიდევ უფრო მეტი დატვირთვით გავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019“ კარგი მაგალითი, საუკეთესო პრაქტიკა გახდება ქვეყნის სხვა რეგიონებისთვის, რომელთაც რეგიონის ტრადიციისა და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით მიეცემათ შესაძლებლობა გააუმჯობესონ საინვესტიციო გარემო, გააცნონ განვითარების ხედვები და გაუზიარონ ინციატივები ინვესტორებს. ვუსურვებ განვითარების ახალ ტალღას კახეთს და საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. გისურვებთ მეტ ინვესტიციას რეგიონებში“, -აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. ფორუმის ფარგლებში, სხვადასხვა პანელზე, მეწარმეობის, ენერგეტიკისა და წარმოების მიმართულებებითსექტორული დისკუსიები და სესიები იმართება. ფორუმის მეორე დღეს, უცხოელი ინვესტორებისთვის ფორმატით ასევე გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი ტურები კახეთის რეგიონის პოტენციალის უკეთესად გაცნობის მიზნით, რაც დაახლოებისა და დიალოგის წარმოების შესაძლებლობას შექმნის ქართული და საერთაშორისო კომპანიებისთვის. „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019“ საქართველოს მთავრობისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით იმართება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia