GEO ENG

სიახლეები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

26 აგვისტო, 2019

დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე -აკაკი საღირაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების - ნასამხრალის, კისისიხევისა და წინანდალის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სახელმწიფო პროგრამებზე, დაგეგმილ და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის მიზანს მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის თავად ადგილობრივებისგან გაცნობა და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მათ მიერ განსაზღვრული საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება წარმოადგენს.
„ამ შეხვედრებზე ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობთ იმ ძირითად მიმართულებებს, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს და რაც პირდაპირ იქნება მათ საჭიროებებზე მორგებული. ეს ყველაფერი რომ იყოს ერთმანეთთან შესაბამისობაში, ჩვენ გვაინტერესებს თვითონ მოსახლეობის აზრი, თუ რას თვლიან ისინი მთავარ პრიორიტეტად. შეხვედრების დასრულების შემდეგ ჩანიშნული საკითხები ჯგუფდება იმის მიხედვით, თუ რა არის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების გადასაჭრელი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც დღესდღეობით კახეთის რეგიონში დგას, ეს არის წყალმომარაგების სისტემების შექმნა , გაუმჯობესება და დახვეწა, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით რთული პროექტებია, მაგრამ ეს არის დღეს მთავარი გამოწვევა მოსახლეობისათვის და მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით სახელმწოფოს მხრიდან მეტი ძალისხმევა არის საჭირო, რათა ეტაპობრივად, ნელ-ნელა ეს პრობლემები იქნას მოგვარებული”, – აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბრის დროს.

მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, ასევე საუბარი შეეხო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარება, რაც სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით ხორციელდება. ადგილობრივებთან შეხვედრაზე აქცენტი მცირე ბიზნესის, რეგიონში მცირე სასტუმროებისა და ღვინის ტირიზმის განვითარებაზე გაკეთდა. "ამ მხრივაც გვქონდა საუბარი, ბუნებრივია, მაშინ როდესაც ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ტურისტი და უცხოელი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი სერვისი მათ უნდა დავახვედროთ”, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, გელა სამხარაული და ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia