GEO ENG

სიახლეები

ირაკლი შიოშვილი და ლაშა შალამბერიძე კომპანია „აჩინებულში'' არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს გაეცნენ

22 სექტემბერი, 2021
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, ლაშა შალამბერიძე და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე ხილის გადამმუშავებელ კომპანიაში „აჩინებული“ იმყოფებოდნენ, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღება-გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
 
კომპანია „აჩინებული“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფოს დახმარებით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით არის შექმნილი.
 
„10 სექტემბრიდან დაიწყო არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი, ფერმერებს საშუალება აქვთ პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ კომპანიებში ჩააბარონ სამრეწველო ვაშლი. პროგრამაში 10-მდე ხილის გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. 21 სექტემბრის მდგომარეობით, უკვე 2,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული“, - განაცხადა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ, 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
 
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს - ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ, 22 თეთრად შეისყიდიან.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia