ეკონომიკა
კახეთის რეგიონალური განვითარების სტრატეგია 2009-2014
http://kakheti.gov.ge/boxcms/_files/1261640931_KRDS Final GEO edit.doc
სოფლის მეურნეობა
კახეთის ეკონომიკის წამყვან დარგს, მოსახლეობის შემოსავლის მთავარ წყაროს და მხარის მრეწველობის სანედლეულო ბაზას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.
აქ განირჩევა ორი მთავარი ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონი:
1. შიდა კახეთი - მდ. ალაზნის ველის მევენახეობის, მარცვლეული კულტურების, მებოსტნეობის ზონა მეცხოველეობის მნიშვნელოვანი როლით. (ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა მეხილეობაც).
2. გარე კახეთი - მდ. ივრის ზეგანის მეცხოველეობის, მევენახეობა-მეხილეობის ზონა - მზესუმზირის, მარცვლეული მეურნეობის, მებოსტნეობის მნიშვნელოვანი განვითარებით.
სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მევენახეობა-მეღვინეობა. კახეთის წილად მოდის საქართველოს ვენახების საერთო ფართობის და ყურძნის მოსავლის თითქმის 50%. აქ ყოველწლიურად იკრიფება 120-150 ათასი ტონა ყურძენი. გავრცელებულია ისეთი უნიკალური ჯიშები, როგორიცაა რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ქისი, საფერავი და სხვა.
განვითარებული დარგია ასევე მარცვლოვანი კულტურების წარმოება, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი საშემოდგომო ხორბალს და ქერს უკავია. ასევე მნიშვნელოვან კულტურას წარმოადგენს სიმინდი. მათი საშუალო წლიური მოსავლიანობა 120-160 ათას ტონას შეადგენს. მზესუმზირის ნათესების დიდი ნაწილი დ/წყაროს რაიონზე მოდის, რასაც მოყვება სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის რაიონები.
კახეთში კარგად არის განვითარებული მეხილეობა. იგი ძირითადად წარმოდგენილია ისეთი კულტურებით, როგორიცაა ატამი, ქლიავი, მარწყვი და სხვა. ადგილობრივი იაფი სანედლეულო ბაზა შესაძლებელს ხდის შეიქმნას ხილის გადამამუშავებელი (საკონსერვო) საწარმოები.
კახეთისათვის ტრადიციულად მნიშვნელოვან დარგად ითვლებოდა და ითვლება მეცხოველეობა, რასაც ხელს უწყობს, როგორც საზაფხულო, ისე საზამთრო საძოვრების დიდი ფართობები. განსაკუთრებულად გამოიყოფა ახმეტის, დ/წყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის რაიონები, სადაც პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება რძის, რძის პროდუქტების და ხორცის წარმოება-გადამუშავება.
მრეწველობა
მხარის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის განმსაზღვრელი ადგილის გამო მრეწველობა თითქმის მთლიანად მას ექვემდებარება, რომლის მაპროფილებელ დარგად კვების მრწველობა რჩება, სადაც ლომის წილი ღვინის წარმოებაზე მოდის (75%). იგი წარმოდგება 50 მოქმედი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოთი, რომელთა ტერიტორიული განლაგება თანხვდება მევენახეობის მთავარ რაიონებს. განსაკუთრებით გამოიყოფა გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონები.
კვების მრეწველობიდან აღსანიშნავია ასევე საფქველ-ბურღულეულის წარმოება (მარცვლეულის გადამუშავება), პურ-ფუნთუშეულის წარმოება, უალკოჰოლო სასმელების (ნატურალური კონცეტრატების) წარმოება.
სერიოზული ადგილი უკავია სამთო-მოპოვებით მრეწველობას. აქ აღსანიშნავია ნავთობისა და გაზის მოპოვება საგარეჯოსა და დ/წყაროს რაიონებში, ფიქალ-მარმარილოს მოპოვება-გადამუშავება თელავის რაიონში, კირქვის მოპოვება-გადამუშავება დ/წყაროს რაიონში. ხე-ტყის წარმოება ახმეტის რაიონში.
ბოლო წლებში განხორციელებული მშენებლობის მასშტაბები და მდიდარი ადგილობრივი რესურსები ქმნის იმის საფუძველს, რომ მაღალი ტემპებით განვითარდეს საშენ მასალათა წარმოება.
გარდა ამისა კახეთში მოქმედებს საღებავების, პლასტმასის ნაკეთობათა საწარმოები, ტყავის გადამამუავებელი საწარმო და სხვა.მხარეში, კერძოდ თელავის რაიონში არის სპილენძის საბადო, რომლის მარაგი შაბიამნის წარმოებისათვის სერიოზული ინვესტიციების განსახორორციელების შესაძლებლობას იძლევა.
ტურიზმი
კახეთს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მხარე მდიდარი და მრავალფეროვანია როგორც ბუნებრივ-კლიმატური, ასევე კულტურულ-ისტორიული რესურსით.
კახეთის ტერიტორიაზე 8 სახის ლანდშაფტს ვხვდებით: ტყის, ველის, ნახევრადუდაბნოს, კავკასიური საშუალო მთის, ამიეკავკასიის ქვედა და საშუალო მთის ტყის, კავკასიონის მაღალი მთის სუბალპურ და ალპურს. იშვიათი ლანდშაფტები, ბუნების ძეგლები, ფლორა და ფაუნის ენდემური ჯიშები ნაკრძალებსა და აღკვეთილებშია დაცული (თუშეთის, ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ბაწარა-ბაბანეურისა და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალები).
მათ ბაზაზე შექმნილია ნაციონალური პარკები, სადაც ტურისტს ბუნებასთან ურთიერთობის საშუალება ეძლევა. დაცული ტერიტორიები მეცნიერთა ინტერესებსაც წარმოადგენს. აქ განვითარებულია როგორც ეკოტურიზმი, ასევე სამეცნიერო ტურიზმიც. რეგიონი რბილი კლიმატით გამოირჩევა.
კახეთში მრავლადაა ისტორიული ძეგლები, საკულტო თუ რელიგიური ნაგებობები, ისტორიული ქალაქები. დღეს მიმდინარეობს მათი რეკონსტრუქცია-რესტავრაცია. ეკლესია - მონასტრებში აღდგენილია სამონასტრო ცხოვრება. ისტორიული ქალაქების ბაზაზე იქმნება ტურისტული ცენტრები, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქი სიღნაღი. საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის მეშვეობით მიმდინარეობს სიღნაღის ძველი უბნების რეაბილიტაცია: XVII-XIX სს. ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობების ფასადების რესტავრაცია, ნაწილი მათგანის რეკონსტრუქცია, სახურავების წითელი კრამიტით გადახურვა, ქვაფენილებისათვს პირვანდელი სახის დაბრუნება. იგეგმება ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის მუზეუმის მშენებლობა. სიღნაღთან ახლოს მდებარე სოფელ ბოდბეში, ქართველთა გამქრისტიანებლის - წმინდა ნინოს სახელობის მონასტერიეს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება "გაქრისტიანების მუზეუმი". მთელს ქალაქში თავიდან იქნა გაყვანილი ევროსტანდარტების საერთო ინფრასტრუქტურა.
მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ასევე ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ.წ.აღ-დე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს. საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. აქაურ ქარხნებში ტურისტებს სხავადასხვა სერვისს სთავაზობენ: აცნობენ საწარმო პროცესს, ატარებენ ღვინის დეგუსტაციას, აცნობენ ქართულ ტრადიციებს სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში.
ღვინის გასინჯვა შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ ოჯახებშიც, სადაც ტურისტს შეუძლია ძველი ან ძველ სტილში აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინის დეგუსტაცია და ასევე ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება, ხშირად ხალხური სიმღერების ფონზე.
ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი. ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის. ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა მსოფლიოს ინტერესი საქართველოსადმი, რამაც განაპირობა ქვეყანაში და მათ შორის კახეთშიც ტურისტთა შემოსვლების გაზრდა: 2004-2006 წწ. ვიზიტორთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა. მოთხოვნილებამ განაპირობა ადგილობრივი ტურისტული წარმოების გაზრდა. მიმდინარეობს სასტუმროებისა და კვების ობიექტების მშენებლობა, ძველის მოდერნიზაცია; დაარსდა ტურისტული კომპანიები, შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების სპორტული, კულტურული და გასართობი დაწესებულებები. ყოველწლიურად კახეთი უფრო და აუფრო საინტერესო ტურისტული რეგიონი ხდება.
ტრანსპორტი
კახეთში განვითარებულია საავტომობილო ტრანსპორტი. აქ მოქმედებს 20-მდე სატრანსპორტო საწარმო, რომლებიც სამგზავრო გადაზიდვებს ემსახურება.
სახელმწიფო მნიშვნელობის გზების სიგრძე შეადგენს 580 კმ-ს, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პასუხობს საშუალო სტანდარტებს.
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალის სიგრძე 125 კმ.-ია.
მნიშვნელოვან საინვესტიციო წინადადებას წარმოადგენს დედაქალაქთან დამაკავშირებელი თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი, სადაც გათვალისწინებულია გომბორის უღელტეხილზე ორი ცალმხრივმოძრაობიანი გვირაბის გაყვანა და ხიდების მშენებლობა.
კახეთის რეგიონში უმნიშვნელო დატვირთვით ფუნქცინირებს რკინიგზის ტრანსპორტი. რკინიგზის სიგრძე 150 კმ-ს შეადგენს.
მხარეში არსებული 6 აეროდრომიდან მხოლოდ თელავის აეროდრომი ფუნქციონირებს. დღეისათვის იგი შვეულმფრენების და მცირე გაბარიტების თვითმფრინავებისთვის გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ თელავის აეროპორტის ინფრსასტრუქტურა მთლიანად შენარჩუნებულია და მისი ამოქმედება მცირე ინვესტიციებით არის შესაძლებელი.
კავშირგაბმულობა
კახეთის რეგიონის მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს საერთაშორისო საქალაქთაშორისო სატელეფონო ქსელი. თელავსა და გურჯაანში დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები (ციფრული სატელეფონო ქსელი).
ტერიტორია მთლიანად არის მოქცეული კომპანიების "მაგთიკომისა" და "ჯეოსელის" დაფარვის ზონაში.
საინფორმაციო სერვისი (ინტერნეტი)
კახეთის რეგიონში ინტერნეტ ტექნოლოგიები ნაკლებადაა განვითარებული, თუმცა ყველა რაიონში არის DIAL-UP-ით სარგებლობის საშუალება. თელავის მუნიციპალიტეტში არის აგრეთვე სატელიტური ინტერნეტიც.
ენერგეტიკა
რეგიონი თითქმის მთლიანადაა ელექტროფიცირებული. ელექტროენერგია 24 სთ-იანი გრაფიკით მიეწოდება როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობას. დღეღამური მოხმარება შეადგენს 18-20 მგვტ-ს.
კახეთში ფუნქციონირებს 4 ჰიდროელექტროსადგური: ახმეტის რაიონში "ხადროჰესი", რომელიც სრული დატვირთვის შემთხვევაში გამოიმუშავებს 24 მგვტ ელენერგიას, ყვარლის რაიონში - "ინწობაჰესი" - 1 მგვტ სიმძლავრის, ლაგოდეხის რაიონში - "კაბალჰესი" 1.5 მგვტ სიმძლავრის და გურჯაანის რაიონში "ალაზანჰესი" 1.5-2.5 მგვტ სიმძლავრის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ყველა მუნიციპალური ცენტრი უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით გაზმომარაგების ცენტრალური სისტემით. სისტემაში ჩართულია ქალაქის მოსახლეობის 88%, საიდანაც დაახლოებით 60%-ს მიეწოდება ბუნებრივი აირი და სოფლის მოსახლეობის 23%, საიდანაც ბუნებრივი აირი 35%-ს მიეწოდება.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იყენებს თხევად საწვავს (თხევად აირს), ხოლო დანარჩენი ნაწილი მხოლოდ მყარ საწვავზე - შეშაზეა დამოკიდებული.
|