კახეთის რეგიონი

 

 




|

ნაციონალური პარკები

 

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში, ზღვის დონიდან 150-750მ.-ზე მდებარეობს. მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკს, ბუნების ძეგლებს - "არწივის ხეობას", "ტახტითეფას ტალახის ვულკანებს", "ჯუმას ჭალებს".

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1946 წელს. მისი ფართობი 8034 ჰა-ია. ჰავა ზომიერია. საქართველოში არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა შეინიშნებოდეს. ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს. აქ დაცულია უნიკალური საკმლისხიან - ღვიიანი ქალწულებრივი ტყე. ღვიიანი ფარმაციის შემქმნელი სახეობებია ხემაგარი ღვიარები - შავი ღვია და მრავალნაყოფი ღვია. ნაკრძალში გავრცელებულია იშვიათი მცენარეები: ქართული კოწახური, ველური ბროწეული, ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა. აქ ვხვდებით მესამეული პერიოდის რელიქტის - თურანულას ერთადერთ სამყოფელს საქართველოში.

ბინადრობს დათვი, აფთარი, ფოცხვერი, მგელი, გარეული ღორი, ქურციკი, ლელიანის კატა, მაჩვზღარბა, სვავი, ორბი, ბექობის არწივი, ფასკუნჯი, სარსარაკი, შავი ყარყატი, კაკაბი; რამდენიმე წლის წინ მეცნიერთა ჯგუფმა წინააზიურ ლეოპარდს მიაკვლია.
 
გვხვდება სტეპისთვის დამახასიათებელი იშვიათ ფრინველთა სახეობები - სავათისა და სარსაკის გუნდები. ეს ფრინველები ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი.
 
მრავლად არიან მწერები, ნაკრძალის ტერიტორიაზე შვიდასამდე მწერია აღრიცხული. ვხვდებით ქვეწარმავლებსაც. ნაკრძალის ტერიტოტიაზე ბინადრობს ხმელთაშუა ზღვის კუ, გრძელფეხა სცინკი, თვალტიტველა ხვლიკი, გველები -აზიური მახრჩობელა, ოთხზოლიანი მცურავი, ანკარა, გიურზა. ეს უკანასკნელი საქართველოს ფაუნაში გავრცელებული ერთადერთი გველია, რომლის შხამი ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა.
 
ვაშლოვანის ნაკრძალი გამოირჩევა მაღალი ესთეტიკური ღირებულებების ლანდშაფტებითა და ნათელი ტყით.
 
დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი. გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.
 
ვაშლოვანის ეროვნული პარკი დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 25114 ჰექტარია. ჰავა მშრალი და ზომიერია. ვაშლოვანის ეროვნული პარკი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიასთან ერთად მოიცავს ნაკლებად სახეცვლილ ბუნებრივ ეკოსისტემებს. დააცულია ავშიან - ჩარანიანი ველები, საკმლისხიან - ღვიიანი კორომები, ალაზნის ჭალები და მთისწინების რცხილნარ - მუხნარები.
 
პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს დათვი, ფოცხვერი, წავი, გარეული ღორი, აფთარი, მგელი, შევარდენი, კოლხური ხოხობი, ბულბული.
 
გადაადგილება შესაძლებელია ფეხით, ცხენით, ნიჩბიანი ნავით და მანქანით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.
 
 
 
 
 
ლაგოდეხის ნაკრძალი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 3500 მ.-ზე მდებარეობს. ჰავა ნახევრად სუბტროპიკულია.
 
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი პირველია საქართველოში შექმნილ ნაკრძალთაგან, იგი 1912 წელს არის დაარსებული. თავისი ფლორითა და ფაუნით ნაკრძალი საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მკვეთრად დასერილი რელიეფი, სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით, ძლიერ განსხვავებულ ფიზიკურ - გეოგრაფიულ პირობებს ქმნის. ამით არის განპირობებული მცენარეული საფარის მრავალფეროვნებაც. ნაკრძალში საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა ორი მესამედია თავმოყრილი. დაცულია უნიკალური რცხილნარ - წიფლნარი ფოთლოვანი ტყე და აქ წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები: წიფელი, დიადი ბოყვი, რცხილა, მდინარეთა გაყოლებაზე მურყანი; ჩნდება ლაფანი, ცაცხვი, წაბლი, უფრო იშვიათად უთხოვარი; ლაგოდეხის გენციანა და ლაგოდეხის ენძელა, რომლებიც ვიწროლოკალურ ენდემებს წარმოადგენენ.
 
ნაკრძალი გამორჩეულია ძველი წიფლნარ - ფოთლოვანი ტყით, ალპური ზონის ხელუხლებელი მდელოებით, გამყინვარების დროინდელი ტბებით, ენდემური და უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით; ვერტიკალური სარტყელების დიდი დიაპაზონით. აქვეა ლაგოდეხის ტყის უმშვენიერესი ჩანჩქერიც.
 
ნაკრძალში გავრცელებულია იშვიათი მცენარეები: მლოსკევიჩის იორდასალამი, იულიას ფურისულა, ლაგოდეხის იორდასალამი, მრგვალი წამალი. დაფიქსირებულია ყვავილოვან მცენარეთა 1500 - მდე სახეობა, მათ შორს მრავლად ვხვდებით ენდემურ სახეობებსაც (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვ.).
 
ლაგოდეხის ნაკრძალში ბინადრობს საქართველოში გავრცელებულ მტაცებელ და წყვილჩლიქოსან ცხოველთა უმეტესობა, ამათგან ზოგიერთი სახეობის არეალი ძალზე შემცირებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში (არჩვი, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი). ბინადრობს, აგრეთვე, აფთარი, წავა, დათვი, მგელი, ირემი, შველი, გარეული ღორი.
 
ფრინველთა სახეობებიდან აღსანიშნავია კრავიჭამია, მონოტიპური გვარის წარმომადგენლები - მთის არწივი, თეთრკუდა არწივი, შევარდენი; ეს სახეობები ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი. აგრეთვე აღსანიშნავია კავკასიის ენდემური სახეობა - კავკასიური როჭო, ხოხობი, შურთხი და სხვ.. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი ამფიბია - კავკასიური ჯავრიანა.
 
ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე. ფუნქციონირებს ფლორისა და ფაუნის მუზეუმი.
 
 
ლაგოდეხის აღკვეთილი
 
ლაგოდეხის აღკვეთილი დაარსებულია 2003 წელს, მისი ფართობი 1970 ჰექტარია. მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალის სამხრეთით მიმდებარე სოფლების გასწვრივ. ლაგოდეხის აღკვეთილი გამორჩეულია წიფლნარ - რცხილნარი ფართოფოთლოვანი ტყით, გურგენიაბის ჩანჩქერით. აღკვეთილი მოიცავს, აგრეთვე, ტყისა და ალპური მდელოების დამაკავშირებელ ბილიკთა სისტემას.
 
გადაადგილება დასაშვებია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.
 
 
 
 
 
ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს ჩრილო - აღმოსავლეთ ნაწილში, ახმეტის რაიონში, დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 900 - 2000 მ.-ზე მდებარეობს. მისი ფართობი 3000 ჰექტარზე მეტია. ჰავა აქ ზომიერად ნოტიოა.
 
ნაკრძალში დაცულია რელიქტური სახეობის - უთხოვარის ხელუხლებელი კორომი. ტერიტორია მოიცავს წიფლნარ და შერეულ ტყეებს, სადაც შემორჩენილია უთხოვრის უნიკალური კორომი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ათასწლოვანი ეგზემპლიარების არსებობა. უთხოვარის ასეთი მასიური, ასაკოვანი, ხელუხლებელი კორომი საქართველოს ფარგლებში არსადაა შემორჩენილი. ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უთხოვარი წმინდა, ანგელოზების ხედ მიაჩნია. უთხოვარის გარდა კორომი მოიცავს რცხილას, თელამუშს, თელას, ცაცხვს, ნეკერჩხალს, იფანს და სხვ.
 
ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, წავი, დათვი, არჩვი, ფოცხვერი, მგელი, ტურა და სხვ.ფრინველთაგან - ორბი, არწივი, შაშვი, როჭო და სხვ.
 
დასაშვებია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.
 
 
ბაბანეურის ნაკრძალი
 
ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდ. ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 439 - 1000 მ.ზე მდებარეობს. დაარსებულია 1935 წელს, მისი ფართობი 747 ჰექტარია. ჰავა ზომიერად ნოტიოა.
 
ნაკრძალში დაცულია მესამეული პერიოდის რელიქტის - კავკასიური ძელქვის უნიკალური მასივი. ძელქვა იზრდება როგორც ცალკე კორომებად, ისე რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთდ. შერეულია აგრეთვე მუხა, ნეკერჩხალიდა სხვ. ნაკრძალში ძელქვის სიმაღლე 20 - 30 მეტრია, დიამეტრი - 90 სანტიმეტრამდეა. ქვეტყეს ქმნის კუნელი, კვიდო, შინდანწლა, ზღმარტლი, ასკილი.
 
ნაკრძალში მრავალი სახეობის ძუძუმწოვარი და ფრინველი ბინადრობს.
 
დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.
 
 
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი ცივ-გომბორის ქედის სამხრეთით, საგარეჯოს რაიონში მდებარეობს. დაარსებულია 1935 წელს, მისი ფართობი 1044 ჰექტარია. ნაკრძალში დაცულია რელიქტური სოსნოვსკის ფიჭვის იშვიათი მასივი. ფიჭვი გავრცელებულია როგორც წმინდა, ისე შერეული ხევნარების სახით. ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. ხარობს რცხილა, ჯაგრცხილა, მუხა, წიფელი, ნეკარჩხალი, თელა და სხვ. ქვეტყეში მრავალი სახეობის ბუჩქია გავრცელებული.

 
 
 
 
თუშეთის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ.-ზე მდებარეობს. თუშეთი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე ლანშაფტებით - ალპური მდელოებითა და შემონახული პირველქმნილი ფიჭვნარი ტყეებით, მუდმივი თოვლით დაფარული მწვერვალებით (თებულო - 4492 მ. ზ. დ., დიკლო - 4785 მ. ზ. დ., ბორბალო - 3294 მ. ზ. დ.). თუშეთში შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები; შენარჩუნებულია ტრადიციები და წეს - ჩვეულებები. აქ შეხვდებით ისტორიულ სოფლებსა და ნასოფლარებს; ყოფითი კულტურის ნივთებსა და ხელსაქმის ნიმუშებს. თუშეთი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე ლანშაფტებით, მეტად საინტერესოა თუშური სოფლები და შენობა-ნაგებობანი არქიტექტურულ-ისტორიული თვალსაზრისით.
 
გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი თუშებისთვის კახეთის მეფეს სპარს დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული თავდადებისთვის უბოძებია. თუშური სოფლები ოთხ თემად იყოფა, რომლებიც გომეწრის, პირიქითისა და ჭანჭახოვნის აუზებშია მოქცეული. სოფლის მშენებლობისას მოსახლეობა ტყის, წყაროებისა და საძოვარი ადგილების სიახლოვეს ითვალისწინებდა. საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან მჭიდროდ არის ნაშენი. სახლები მშრალი წყობითა აგებული, მასალად ძირითადად ფიქალის ქვა გამოიყენება. თითოეულ სოფელში რამდენიმე ციხე - კოშკია; ზოგიერთ მათგანს სალოცავის დანიშნულება აქვს, ზოგს - სამხედრო.
 
სალოცავებთან დაკავშირებულია რელიგიური და სახალხო დღესასწაულები - "დღეობა - ათნიგენობები", "ჯვარობა - ჯვარისკრობები". ადგილობრივი მოსახლეობა დღესასწაულებისთვის საგანგებოდ ემზადება. თუშეთი საქართველოს მხარეებში ერთ - ერთი ულამაზესი და ეთნოგრაფიულად მეტად საინტერესო კუთხეა.
 
 
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი
 
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1961 წელს, მისი ფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.
 
ნაკრძალის ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაღალი ენდემიზმითა და მატად სპეციფიკური ბიო - ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით. ამ ზონაში არსებული სუბალპური არყნარები და დეკიანი კომპლექსები ხასიათდება როგორც ზვავსაწინააღმდეგო, ნაშალდამმაგრებელი და ეროზიასაწინააღმდეგო ცენოზები; ნაკრძალი მნიშვნელოვანია როგორც მესამეული პერიოდის იშვიათ ცხოველთა სახეობების საარსებო გარემო. იგი მოიცავს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობების არეალებსა და საბინადრო ადგილებს. აქ მობინადრე ცხოველთაგან აღსანიშნავია ნიამორი, კავკასიური ჯიხვი - მისი რიცხოვნება კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში; აგრეთვე აღსანიშნავია არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი და სხვ. ფრინველთაგან - შევარდენი, მთის არწივი და სხვ.
 
ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.
 
 
თუშეთის ეროვნული პარკი
 
თუშეთის ეროვნული პარკი აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ.-ზე, თუშეთის ქვაბულში მდებარეობს; მისი ფართობი 83007 ჰექტარია. იგი დაარსდა 2003 წელს. თუშეთის ეროვნულ პარკში დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მდინარეთა სათავეები, ცალკეული მნიშვნელოვანი ცენოზები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობები. აგრეთვე, უნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები - არაყი, მაღალმთის მუხა, ცირცელი, დგნალი.
 
თუშეთის ეროვნული პარკი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე ლანდშაფტებით, ულამაზესი ალპური მდელოებით, საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით; თებულოს (4492 მ.ზ.დ.), დიკლოს (4785 მ.ზ.დ.), და საქისტოს (2456 მ.ზ.დ.) მთების მწვერვალებით.
 
 
 
 
 

 

 

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით