სიახლეები
მთავრობის წევრები პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდნენ
დღეს, პანკისის ხეობის ახალგაზრდობის, ქალთა და უხუცესთა საბჭოების წარმომადგენლებთან სოფელი დუისის კულტურის სახლში შეხვედრა გაიმართა.
ხეობის მცხოვრებლებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის საკითხებს, ენერგეტიკულ პროექტებს, ენერგოუსაფრთხოებასა და ხეობის განვითარების პერსპექტივებს. კონკრეტული პასუხების გასაცემად, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
„მე ხშირად მითქვია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, პანკისში პირველად, რომ ჩამოვედი 1990 წელი იყო, ქართველებს და ეთნიკურ ქისტებს ისეთი ერთიანი, ინტეგრირებული, შეხმატკბილებული, მრავალმხრივ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ცხოვრება ჰქონდათ. ჩვენი მიზანია ეს ყველაფერი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ჩვენი თქვენთან შეხვედრები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აქვე დავძენ, რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი, სახელმწიფოს დიდი სურვილის მიუხედავად, ყველაფრის ერთბაშად გაკეთების შესაძლებლობა არა აქვს, თანაც სახელმწიფო არა არის მარტო მინისტრი, სახელმწიფო არის თითოეული თქვენგანი, თითოეული თქვენგანის სამოქალაქო პოზიცია შეადგენს საბოლოო ჯამში საერთო სახელმწიფოებრივ პოზიციას და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ ამისთვის“-აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა, სოფელ დუისში - ახალგაზრდობის, ქალთა და უხუცესთა საბჭოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.