GEO ENG

სიახლეები

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თელავში

26 მაისი, 2019

26 მაისი ქალაქ თელავში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. წელს, ქალაქ თელავში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო. 
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 8 სივრცე მოეწყო. გაიმრთა კულინარიული მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია, ასევე მოეწყო ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა. ადგილობრივ მეღვინეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია მოსული სტუმრებისთვის წარედგინათ. მოედნის შუაგულში განთავსდა 26 მაისის ლოგოს მასშტაბური ინსტალაცია.
ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ.
თელაველებს და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვანი სანახაობა დახვდათ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი სტენდები ღვინის თემატიკას მოიცავდა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ქვევრის მუზეუმის სივრცე, სადაც მეღვინეებმა სტუმრებს ქვევრის ისტორია და განვითარების საფეხურები გააცნეს.ქვევრის მუზეუმში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქვევრის აგებულება და სტრუქტურა ენახათ, ასევე გაესინჯათ ქვევრში დაყენებული ღვინო.
ტურისტებისთვის წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის სახეობებით საქართველოს რუქა. თიხის სახელოსნოში კი თიხის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.
კულინარიული სივრცის გვერდით მოეწყო საბავშვო გასართობი კუთხე დიდი სამაგიდო თამაშებით, ფერადი დეკორაციებითა და ატრაქციებით. გაიმართა თოჯინების თეატრი.
17:10სთ-ზე - დამოუკიდებლობის აქტის მიღების ისტორიულ დროს - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა - „წინანდალი“ და „პატარა კახი“.
თელავის მთავარ სცენაზე კონცერტით წარდგა ჯგუფი „მარტივი გამოსავალი“. საღამო თელავის თეატრში, ანსამბლი „ქართული ხმები“-სა და ნიაზ დიასამიძის კონცერტით გაგრძელდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia