სიახლეები
პრემიერის ვიზიტი კახეთის რეგიონში
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონს ესტუმრნენ და მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ყვარელში მდებარე საწარმო Georgia’s Natural-ში საწარმოო პროცესს გაეცნენ, შემდეგ კი მარწყვის პლანტაციებში მომუშავე ფერმერებს შეხვდნენ. საწარმო Georgia’s Natural-ში, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების შედეგად წვენებს, სოუსებს, კონსერვებსა და გაყინულ ხილს აწარმოებს, 40 ადამიანია დასაქმებული. განხორციელებული ინვესტიციის სრული მოცულობა 2 582 265 ლარია. კახეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თელავის მუნიციპალიტეტში, ახალი ტურისტული ობიექტის, სასტუმრო „ქვევრები“-ს მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - “უმასპინძლე საქართველოში” მხარდაჭერით შენდება და ტურისტების მისაღებად მომავალ წელს მზად იქნება. ვიზიტის დასასრულს, წინანდლის მამულში, პრემიერი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. „ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ისტორია, მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორია, ძეგლები, სამზარეულო, კულტურა და სტუმარმასპინძლობა უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად მართავს ვირუსის რისკებს, ეს ყველაფერი კი საშუალებას აძლევს ქვეყანას - აამოქმედოს ეკონომიკა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, წინანდალში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას განაცხადა.