სიახლეები
კახეთის რეგიონული საოპერაციო შტაბის მორიგი, სამუშაო შეხვედრა
9 სექტემბერი, 2020
დღეს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ხელმძღვანელობით, რეგიონული საოპერაციო შტაბის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ეპიდემიოლოგიური ვითარება კახეთის რეგიონში და მთავრობის მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, გასატარებელი ღონისძიებები.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა.
კახეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. 9 სექტემბერს, თბილისში მცხოვრებ მედიცინის მუშაკს, რომელიც კახეთში იმყოფებოდა, "კოვიდ-19“-ზე დადებითი შედეგი დაუდასტურდა.
კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების ეპიდემიოლოგების მიერ განხორციელდა კონტაქტების მოძიება და საკვლევი მასალების აღება. გამოვლენილი კონტაქტების ნიმუშები უკვე აღებულია. ეს არის, როგორც ვიწრო ოჯახური კონტაქტები, ასევე ახლო ნათესაური და სამსახურებრივი კონტაქტები, როგორც კახეთში, ასევე თბილისში. თბილისის კონტაქტების შესახებ ინფორმაცია გადაცემულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.