სიახლეები
კახეთის გუბერნატორმა ჩეხეთში შეხვედრები გამართა
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება. ჩეხეთში საქართველოს დელეგაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი ხელმძღვანელობს. კახეთის გუბერნატორთან ერთად პრაღაში იმყოფებიან: სამეგზრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და UNDP-ის წარმომადგენლები.
საქართველოს დელეგაციის წევრები ჩეხეთის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიული მოწყობის სისტემას და რეგიონული განვითარების სააგენტოების მუშაობის ზოგად პრინციპებს ეცნობიან, ვიზიტის მიზანია გაიზიარონ ევროპული გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების განვითარების კუთხით, შეაფასონ დეცენტრალიზაციის პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული ორგანოების ეფექტური მუშაობა.
22-23 დეკემბერს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ჩეხეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთან იოსებ ვლკისთან, საპარლამენტო ინსტიტუტის დირექტორთან შტეფან პეხაჩეკთან, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციის პრეზიდენტთან ივან ჩერნისთან, ქალაქ დობრჟანის მერთან მარტინ სობოტკასთან.
ვიზიტის ფარგლებში,საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები უკვე გამართა პოლონეთში, შვენტოკშისკას რეგიონის ქალაქ კელცესში, სადაც დელეგაციის წევრები შვენტოკშისკას რეგიონის მარშალის მოადგილე იან მაჩკოვიაკს და ქალაქ კელცეს მერს ვოიც ეხლუბავსკის შეხვდნენ.