სიახლეები
ირაკლი შიოშვილმა „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
12 ივლისი, 2021
ქ. თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საპროექტო იდეებზე მსჯელობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები მონაწილეობდნენ.
თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი იქნა იდეები კონკურსით გამოცხადებული პრიორიტეტების გათვალისწინებით.
გასულ წელს კახეთი შერჩეული იქნა საპილოტე რეგიონად და ევროკავშირის დაფინანსებით, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, კახეთის რეგიონში, ჯამში 3 პროექტი დაფინანსდა.
ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ქ. თელავში, ორ მსხვილ სავაჭრო ობიექტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ტურისტული დანიშნულების ობიექტებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა (ბაბანეურის მარანთან მისასვლელი გზა და მანავის ციხესთან მისასვლელი გზა).
2021 – 2022 წლებში კახეთს, როგორც საპილოტე რეგიონს ეძლევა შესაძლებლობა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ბიუჯეტისა და კონკურსით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, 55 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტები განახორციელოს.