GEO ENG

გეოგრაფია

კახეთის რეგიონი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია, დაახლოებით 12 ათას კმ2 ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა 400 ათასს აღემატება. რეგიონს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი. იგი რუსეთისგან გამოყოფილია კავკასიონის მაღალი ქედით. რეგიონის შუაგულში, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მდებარეობს გაცილებით დაბალი გომბორის ქედი. ქედებს შორის მოთვასებულია ალაზნის ველი, რომელზეც მოედინება რეგიონის ორი მთავარი მდინარიდან ერთ-ერთი, ალაზანი. გომბორის ქედის სამხრეთით მიედინება რეგიონის მეორე მთვარი მდინარე, იორი, რომელიც ასევე თითქმის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და ქმნის ივრის დაბლობს. ეს ორი ქედი, ორი მდინარე და ორი ველი განაპირობებს კახეთის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო წარმოების მახასიათებლებსა და პოტენციალს და განასხვავებს კახეთის რეგიონს საქართველოს სხვა რეგიონებისგან. 

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა. მისი განსაცვიფრებელი პეიზაჟები მოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიან მწვერვალებს, რომელთა სიმაღლე 3300-4500მ-მდეა, ტყის მასივის დაახლოებით 85% ფოთლოვანია, სადაც სჭარბობს წიფელი, მუხა, რცხილა. ალაზნის ხეობის ზედა მონაკვეთში ასევე გვხვდება ნეკერჩხალი, ვერხვი, მურყანი, წაბლი და ურთხმელი. საზოგადოდ, ტყეები გვხვდება ზღვის დონიდან 500-2000 მეტრის სიმაღლეზე, რის შემდეგაც იწყება ალპური ზონა. 

კახეთის მხარე სასოფლო–სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მევენახეობა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონებში ნავთობის გარკვეული მარაგებია. 

კახეთში ტენიან სუბტროპიკულსა და კონტინენტურს შორის გარდამავალი ჰავაა. რეგიონის კლიმატი განიცდის როგორც მშრალი შუააზიური, კასპიის ზღვის მშრალი ჰაერის მასების, ასევე დასავლეთიდან შავი ზღვის ტენიანი ჰაერის გავლენას. თუმცა, შავი ზღვიდან ტენიანი ჰაერის მასის შემოჭრას ხელს უშლის ლიხისა და მესხეთის ქედები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოსგან ჰყოფენ. ამის შედეგად, ნალექების წლიური რაოდენობა აღმოსავლეთში გაცილებით ნაკლებია (400-1 600 მმ), ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ყველაზე ნალექიანი პერიოდებია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო ყველაზე მშრალი პერიოდები კი შესაბამისად - ზამთარი და ზაფხული.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით დაბლობ ზონებში, ზაფხული ცხელია, ხოლო ზამთარი სუსხიანი. სიმაღლე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატზე. 1500 მ-ზე მაღლა შედარებით გრილი ზაფხულია, ხოლო 2000 მეტრზე მაღლა კი ზოგჯერ ზაფხულის თვეებშიც კი იცის ყინვა.ზამთრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 0 C -ია; ზაფხულში ის +23-30 C -ს აღწევს. კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85%) ქართველია. ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რუსები და სომხები.

კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს

• ახმეტის,
• გურჯაანის 
• დედოფლისწყაროს 
• თელავის 
• ლაგოდეხის
• საგარეჯოს 
• სიღნაღის 
• ყვარლის მუნიციპალიტეტებს, ქალაქ თელავსა და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს.
მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი — 9: ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი; სოფელი— 276.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia