GEO ENG

ტურიზმი

სიღნაღი კახეთის რეგიონში, ტურისტული თვალსაზრისით ერთ - ერთი, ყველაზე აქტიური ქალაქია. სიღნაღს ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ტურისტი სტუმრობს.

სიღნაღი ქალაქად ქართლ-კახეთის მეფემ, ერეკლე მეორემ 1770 წელს გამოაცხადა. ერეკლეს მეფობის პერიოდს უკავშირდება სიღნაღის ცნობილი გალავნის მშენებლობა, რომლის სიგრძე 4, 5 კმ-ია. გალავანში ჩაშენებულია 23 კოშკი, თითოეული კოშკის სახელწოდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლის სახელს უკავშირდებოდა. მტრის შემოსევისას, სოფლის მცხოვრებლები საკუთარ კოშკში აფარებდნენ თავს. შესაბამისად, გალავანი და კოშკები თავდაცვის ფუნქციას ასრულებდა.

დღეს, გალავანზე დაახლოებით 230 მ. სიგრძის ტურისტული ბილიკია მოწყობილი. ქალაქის გადასახედიდან, ასევე, გალავნიდან კავკასიონის და ალაზნის ველის საოცარი ხედი იშლება, რაც ტურისტების ცნობიერებაში ამ კუთხის მიმართ დადებითი, წარუშლელი შთაბეჭდილებებით აისახება.

სიღნაღიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს ბოდბის დედათა მონასტერი, რომელიც მომლოცველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, მდებარეობს ცნობილი ლავანდის პლანტაცია საქართველოში.

ლაგოდეხი

 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი კახეთის რეგიონში, თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტით, გამორჩეულ ადგილს იკავებს ბუნების მოყვარული ვიზიტორების ტურისტულ რუქაზე.
მსოფლიოში ერთ-ერთი, ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული დაცული ტერიტორია, ლაგოდეხში მდებარეობს.
მუნიციპალიტეტი გამორჩეულია ქრისტიანული ძეგლების სიმრავლით.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19755 ჰა) და აღკვეთილს (4500 ჰა).
ლაშქრობის მოყვარული ვიზიტორებისთვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია ხუთი საინტერესო ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების შემეცნების ბილიკი“.
შავი კლდეების ტბა, ზღვის დონიდან 2700 მ. სიმაღლეზე, ალპურ მდელოზე მდებარეობს. ვიზიტორებს სამდღიანი მოგზაურობა უწევთ ბუნების საოცრების სანახავად.
ლაგოდეხს ბოლო წლების მანძილზე, გაზრდილი ტურისტული ნაკადის პარალელურად, არაერთი ტურისტული დანიშნულების ადგილი შეემატა. ნაკრძალთან მისასვლელ გზაზე ვიზიტორებს ხის კოტეჯები ხვდება, რომელიც გარშემორტყმულია სუბტროპიკული ტყით. ნაკრძალში მოწყობილია საინფორმაციო ცენტრი, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები.
ლაგოდეხი გამორჩეული მუნიციპალიტეტია ვიზიტორებისთვის, როგორც ბიომრავალფეროვნებით, ასევე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობით.
 
თუშეთი
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 
 
თუშეთი - საქართველოს უნიკალური კუთხე კახეთის კავკასიონის ბუმბერაზ მთებზე მდებარეობს. თუშეთი გამორჩეულია თავისი ავთენტური კულტურით, ტრადიციებით, გეოგრაფიული მდებარეობით, თვალწარმტაცი ბუნებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით.
თუშეთში მდებარეობს ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი სოფელი ბოჭორნა.
თუშეთში 42 სოფელი და 10 ნასოფლარია. სოფლებში გვხვდება თუშეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული წყობა - საუკუნოვანი ციხე-კოშკები, სიპი ქვით ნაგები აივნიანი სახლები.
კახეთში ჩამოსული ვიზიტორი აუცილებლად დაგეგმავს თუშეთის ტურს და თუშეთში მიმავალი დიდებულ ალავერდს ეწვევა.
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს ენაცვლება ესთეტიური ღირებულების პეიზაჟები - ფიჭვის ტყეები, ალპური მდელოები, ჩანჩქერები, მდინარეები და მთაგრეხილები.
თუშეთის ვიზიტორი აუცილებლად ეწვევა თუშეთის დაცულ ტერიტორიებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ბიომრავალფეროვნებით მდიდარია, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში.
 
ყვარელი
 
 
ყვარლის მუნიციპალიტეტი, თავისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობით, არქიტექტურული და ქრისტიანული ძეგლების სიმრავლით, კახეთში ჩამოსული ვიზიტორებისთვის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების ჩამონათვალში ერთ-ერთი ლიდერია.
ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს გრემის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც მოიცავს გუმ­ბა­თოვან მთა­ვა­რან­გე­ლოზ­ის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სიას, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნ სა­სახ­ლე-სამ­რეკ­ლოს, სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბებს, გა­ლა­ვა­ნს, მდი­ნა­რე ინ­წო­ბის­კენ სა­ი­დუმ­ლო გა­სას­ვ­ლე­ლს. აქ­ვეა - აბა­ნო­ე­ბი, ბა­ზა­რი და ქარ­ვას­ლა.
გრე­მის, რო­გორც ქა­ლა­ქის ის­ტო­რია XV სა­უ­კუ­ნი­დან იწყე­ბა, რო­ცა იგი კა­ხე­თის პირ­ველ­მა მე­ფემ, გი­ორ­გიმ (1466-1476 წწ.) კა­ხე­თის სა­მე­ფოს დე­და­ქა­ლა­ქად გამოაცხადა. ეს სტა­ტუ­სი გრემ­მა ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. გრემში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და აქ­ტი­უ­რი საგანმანათლებლო საქ­მი­ა­ნო­ბა, აქ გა­დი­ო­და სა­ქა­რავ­ნო გზე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, გრემი კა­ხე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის ცენ­ტ­რს წარმოადგენდა.
კავკასიონის ქედის განშტოებაზე მდებარე ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და დიდებული სილამაზით ვიზიტორებზე წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს.
ილიას მშობლიურ ყვარელში ჩასული ვიზიტორი აუცილებლად სტუმრობს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს და კიდევ ერთხელ მოისმენს ინფორმაციას დიდი ქართველის მოღვაწეობის შესახებ.
ყვარლის მთები და ტბები თავისი მრავალფეროვანი, ბუნებრივი სილამაზით ვიზიტორებისთვის და განსაკუთრებით, ფოტომოყვარული ტურისტებისთვის საყვარელი დანიშნულების ადგილია.
 
დედოფლისწყარო
 
 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი თავისი თვალუწვდენელი ველებით, ხეობებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით ტურისტებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
დედოფლისწყაროში მდებარეობს UNESCO-ს მიერ აღიარებული სამხრეთ კავკასიაში ერთ - ერთი ბიოსფერული რეზერვატი, რაც თავისთავად დედოფლისწყაროს სავიზიტო ბარათია.
მუნიციპალიტეტი გამორჩეულია უძველესი ძეგლების სიმრავლით.
ხორნაბუჯის ციხე, არწივის ხეობა, ელიას მთაზე მდებარე წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი, დედოფლისწყაროში ჩასული ვიზიტორების ტურისტულ რუქაზე, აუცილებლად სანახავი დანიშნულების ადგილებია.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი ულამაზესი ლანდშაფტით, გადაჭიმული ტრამალებითა და ტახტიტეფას ვულკანებით ფოტომოყვარული ტურისტების ობიექტივისთვის ამოუწურავი რჩება.
დედოფლისწყაროში მდებაროებს ცნობილი შირაქის ველი - ბარაქიანი, ოქროსფერი პურის ყანებით, რომელიც რეგიონის ბეღელია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩასული ვიზიტორი, ტურისტული დანიშნულების ადგილების მოსანახულებლად მოწესრიგებული და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაადგილდება.
 
თელავი
 
 
თელავი თავისი ისტორიული, კულტურულ - საგანმანათლებლო მნიშვნელობითა და დამახასიათებელი ტურისტული პოტენციალით კახეთის რეგიონის ცენტრია.
ძველი და ახალი შუამთა, იყალთოს აკადემია, ჭავჭავაძეების მამული წინანდალში და რა თქმა უნდა, სატახტო ქალაქი, თელავი ტურისტების სამგზავრო რუქის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული მარშრუტია.
რეგიონში ჩამოსული ვიზიტორისთვის განსაკუთრებულ ინტერესს სატახტო ქალაქი იწვევს, ქალაქის ცენტრში გვხვდება ისტორიული მუზეუმი, ბატონის სასახლე, ქონგურებიანი გალავნით, კარიბჭეებით, კოშკებით, სამრეკლოთი და ბურჯებით.
აქვეა თელავის თეატრი, რომელიც ყოველ სეზონზე და განსაკუთრებით, შემოდგომაზე არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალისა და სპექტაკლის მასპინძელია.
თელავი საუნივერსიტეტო ქალაქია, თავისი 84 წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტითა და პროფესიული სასწავლებლით.
ფეხით მოსიარულე ტურისტისთვის შთაბეჭდილებას ახდენს ისტორიული ქუჩები, ხის აივნიანი სახლები, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით (QR კოდები) შესაძლებელია კონკრეტული ადგილის შესახებ ინფორმაციის მიღება.
თელავში სარეკრეაციო სივრცეების განვითარება აქტიურად მიმდინარეობს.
თელავის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია ისტორიული ჭადრის ხე, რომელიც 900 წელზე მეტს ითვლის. ხე ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ყოველწლიურად ასეულობით ვიზიტორი სტუმრობს. ისტორიული მნიშვნელობის გამო, ჭადრის ხე ერთნაირად მიმზიდველია, როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი ვიზიტორებისათვის.
 
გურჯაანი
 
 
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აგროტურიზმის მიმართულებით კახეთის რეგიონში ლიდერ პოზიციას იკავებს.
მეღვინეობის მუნიციპალიტეტი - სწორედ, ასეთი სახელი დაიმკვიდრა გურჯაანმა 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც ღვინის რუქაზე უამრავი შატო და ღვინის მარანი გაჩნდა და სტარტი აიღო უკვე ტრადიციად ქცეულმა „გურჯაანის ღვინის ფესტივალმა", რომელიც ერთ სივრცეში აერთიანების - რთველის, ყურძნის დაწურვის, ღვინის დაგემოვნების, თათარაობისა და ზოგადად შემოდგომის კახეთის მოყვარულ, როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოელ ვიზიტორს.
კახეთისთვის დამახასიათებელი მევენახეობის პარალელურად, ბოლო წლების მანძილზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში აქტიურად გაშენდა ატმის ბაღები, შეიქმნა რამდენიმე ათეული სამაცივრე მეურნეობა. ზაფხულში გაჩაღებული ატმის რთველი დამატებით, დასაქმების პერსპექტივას ქმნის, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე, სხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.
გურჯაანში მდებარეობს სამედიცინო ტურიზმის მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილი, ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა".
მუნიციპალიტეტში ვხვდებით ქრისტიანულ ძეგლებს, აქ მდებარეობს ერთადერთი ორგუმბათოვანი ყველაწმინდის ეკლესია.
აღსანიშნავია, რომ 1977 წელს კოსმოსში გაშვებულ ავტომატურ სადგურებზე „ვოიაჯერ-1"-სა და „ვოიაჯერ-2"-ზე მოთავსებულ ორ იდენტურ გრამფირფიტაზე ჩაწერილ პროგრამაში „დედამიწის ხმები“, სხვა ინფორმაციასთან ერთად, შეტანილია ქართული მრავალხმიანი სიმღერა, „ჩაკრულო", რომელიც ილია ზაქაიძესთან ერთად შესრულებულია გურჯაანელი (სოფ. კოლაგი) როსტომ საგინაშვილის მიერ.
„ჩაკრულო“ შესულია იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.
 
 
საგარეჯო
 
 
 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, თავისი დაცული ტერიტორიებით, ფერადი უდაბნოთი, ისტორიული ციხე - ქალაქითა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსით ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ტურისტების სამოგზაურო რუქაზე მონიშნულია, როგორც საინტერესო ტურისტული ლოკაციების მქონე და დედაქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარე მუნიციპალიტეტი.
მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები - ერთ- ერთი, ულამაზესი ტურისტული მიმართულებაა კახეთში, რომელიც აერთიანებს 4 დაცულ ტერიტორიას: მარიამჯვრის ნაკრძალი, ყორუღის აღკვეთილი, იორის აღკვეთილი და ცივ-გომბორის აღკვეთილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩასული ტურისტი გაივლის უდაბნოს საოცარ ლანდშაფტს და ეწვევა ნახევრად უდაბურ მთის კალთებზე გადაჭიმულ დავით გარეჯის არიქტექტურულ ანსამბლს, რომელიც თავისი რელიგიური, კულტურული მნიშვნელობითა და გამორჩეული ფერწერის წყალობით განცვიფრებულს ტოვებს ადგილზე ჩასულ ვიზიტორებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, კახეთის რეგიონის კარიბჭეა. ბოლო წლების მანძილზე, მუნიციპალიტეტს არაერთი შატო, მარანი და უფრო დიდი მასშტაბის სასტუმრო შეემატა.
საგარეჯოში აქტიურია შიდა ტურიზმი, რაც გულისხობს დედაქალაქთან გეოგრაფიულად ხელმისწავდომ, ახლო მდებარე მუნიციპალიტეტში შაბათი - კვირის გასვლით ტურებს და სასიამოვნო გარემოში დასვენებას.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia